მხვიარა მცენარეები ეზოს ინტერიერის გასალამაზებლად
28.01.2020, 12:51

დეკორაციული ბაღის მოწყობის სურვილი როცა გვაქვს, იქ აუცილებლად უნდა გამოვნახოთ ისეთი კუთხე და ადგილი, ელემენტი ან წერტილი, სადაც ხვიარა მცენარე სათანადოდ იქნება გამოყენებული და ბაღის საერთო დეკორაციულობას მნიშვნელოვნად გაადიდებს. ასეთ ადგილებად შეიძლება დავასახელოთ მკვდარი მასალის ღობე, ნაგებობის ულამაზო კედელი, ფრიალო კლდიანი ადგილები ან შემაღლებული ბორცვები. ასეთ გარემოში ხვიარა, მცოცავი მცენარეები უმთავრესად ბაღის არადეკორაციულ ნაწილს დაფარავენ.

ხვიარა მცენარეები უმეტესად ვერტიკალური გამწვანებისთვის უნდა გამოვიყენოთ და ასეთივე ხაზი შევუნარჩუნოთ. რაც შეეხება ლიანებს, ისინი მცირე ადგილს იჭერენ და ამ მხრივ შეუდარებელი მცენარეებია იმ შემთხვევისთვის, როცა არ გვაქვს საკმარისი ადგილი ხეების, ბუჩქების ან ყვავილნარებისთვის.

ხვიარა ყვავილოვანი მცენარეები, უმჯობესია, გავუშვათ ძველ ხის ან უკვე გამოუსადეგარ ელექტრობოძზე ან სპეციალურად მომზადებულ რკინის მასალის საყრდენზე. ხვიარა ყვავილოვნები იმდენად მჭიდროდ ეკვრიან ცოცხალ მცენარეს "ამოსუნთქვის" საშუალებას უსპობენ. ამიტომ, ყოველთვის უნდა მოვარიდოთ და როგორც ზემოთ ვთქვით, ისე მოვამზადოთ. თუ მაინც გადავა ახლოს მდებარე საღ ხემცენარეზე, სასწრაფოდ წავაჭრათ წვეროები.

საინტერესოა ვიცოდეთ, რომ ლიანების უმრავლესობა ბოძებზე ეხვევა მარცხნიდან მარჯვნივ. ხვიარა და მცოცავი მცენარეები დეკორაციული ღირსების მიხედვით, საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ხვიარა ვარდები ძალიან ლამაზია ე. წ. ბამბუკის სარების კედელზე, რომელიც წინასწარ კარგად უნდა გავამაგროთ და მერე ხვიარა ვარდის ტოტების განფენა მოვახდინოთ. ხვიარებისა და მცოცავების საშუალებით გარემოს გალამაზების საუკეთესო დროა გაზაფხული. სცადეთ და ნახავთ, რომ სულ სხვა იერს მიანიჭებთ, აქამდე ძველ კედლებს, მკვდარ ღობეებს თუ უსარგებლო ადგილებს, რომელსაც არაფრისთვის არ იყენებთ.

ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, თუ ასეთი მცენარეების ყიდვას გადაწყვიტავთ. ჯერ წინასწარ უნდა გაეცნოთ მცენარის მოვლის წესებს, რადგან ზოგს მზე სჭირდება, ზოგი კი პირიქით ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს. 

თუ მზიან ადგილას გსურთ მცენარის გახარება, მაშინ გამოგადგებათ: აბილილი, კატაბარდა, ცხრატყავა, ჩინური ლიმონური, მხვიარა ვარდები, დედოფლის ყვავილი და სხვა.

ჩრდილიან ადგილას კარგად ხარობს სურო. სუროს ყველა სახეობა დეკორატიულია. ის გამწვანების მიზნით გამოიყენება ბაღებსა და პარკებში. შეგიძლიათ გაახაროთ მხვიარა ჟასმინი. მას სასიამოვნო სურნელი და თეთრი ულამაზესი ყვავილები აქვს. ყვავილობს ივნისში და სექტემბერში. 

კატეგორია: მხვიარა მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3362 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar