09.07.2020, 09:09 | |
სემპერვიუმი ანუ კლდისვაშლა მრავალწლიანი მცენარეებია, მსუქანისებრთა ოჯახიდან. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე და წინა აზიაში. იზრდება ალპური სარტყელის ქვიან ქერდობებზე და კლდეებზე. კავკასიაში გავრცელებულია მხოლოდ 11 სახეობა. სემპერვიუმს ძირითადად აშენებენ დეკორატიულ მცენარედ. კავკასიური სემპერვიუმი სიმაღლით 10-30 სანტიმეტრამდე იზრდება. ქვედა ნაწილი შიშველია, ზედა ნაწილი ფოთლოვანი როზეტებითაა შევსებული. გვირგვინის ფურცლები და მტვრიანები ვარდისფერ-მეწამულია.
დარგვა და მოვლა: სემპერვიუმების უმრავლესობა ყინვაგამძლეა. მცენარე უნდა დაირგას მშრალ ქვიშიან ნიადაგში. დარგვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მცენარე სიგანეში იზრდება და ამიტომ მცენარეებს შორის ადგილი უნდა იყოს 10-15 სანტიმეტრი. მცენარეს არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, ის გვალვაგამძლეა. შეუძლია უწყლოდ გაძლოს მთელი თვის განმავლობაშიც, მაგრამ ძლიერი სიცხეების შემთხვევაში კარგია თუ პერიოდულად მოუწყობთ შხაპს. მცენარეს პერიოდულად სჭირდება დაბერებული ფოთლების მოცილება. სწრაფად იზრდება მარტიდან სექტემბრამდე, შემდეგ თანდათან გადადის მიძინების პერიოდში. სემპერვიუმი სიცოცხლეში ერთხელ ყვავის, თუ აყვავდა ასრულებს სიცოცხლეს.
სასუქი: სასუქის მიმართ არ არის მომთხოვნი, მაგრამ კარგი იქნება თუ თვეში ერთხელ მიაწვდით სუკულენტებისთვის და კაქტუსებისთვის განკუთვნილ სასუქებს.
გამრავლება: მცენარე მრავლდება შვილეული როზეტებით და თესლით. თესლი ითესება კონტეინერებშიც და ღია გრუნტშიც. უმჯობესია კონტეინერში დათესვა, რადგან ასე უკლებლივ ამოვა. კონტეინერი უნდა მოათავსოთ ნათელ ადგილას. | |
| |
ნანახია: 4309 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |