ნაძვი (Picea)
26.10.2018, 10:10

ნაძვი წიწვოვან მცენარეთა გვარი, ფიჭვისებრთა ოჯახის მცენარე. ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მ) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად ბრტყელი და წაწვეტებული. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა ე.წ. აღმოსავლური ნაძვი.

გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება კავკასიონის მთავარ ქედს შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს თბილისის მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და სოჭის სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი.

საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიასა და თურქეთში. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად. მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.

საქართველოში გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი, ჰიმალაური ნაძვი, ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტია ნაძვი და სხვა. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.
 ნაძვი გამოირჩევა თავისი მარადმწვანე წიწვებით. ისინი იზრდება 1,5 მ-დან 80მ-მდე. მათ აქვთ მოგრძო ფორმის ნაყოფი(გირჩი), რომელშიც არის თესლი. გირჩი თავიდან არის მწვანე ფერის, ხოლო როცა მომწიფდება ყავისფერდება. დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში შეგიძლიათ დათესოთ, საიდანაც იგივე სახის ნაძვი ამოვა. 

გარდა იმისა, რომ ნაძვი თავისი მარადმწვანე ბუნებით ზამთარშიც კი საგაზაფხულო, ფერად განწყობას ქმნის და ხალხში დადებით ემოციებს იწვევს, იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს ფიტონციდებს, რომელიც თავისმხრივ, შთანთქავს გარემოში არსებულ შხამებს და ჰაერს ასუფთავებს. მისი მერქანი და წიწვებიც კი, დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ის სამკურნალო მცენარეა და მისი ნაყენი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ტუბერკულოზი, რევმატიზმი, ბრონქიალური ასთმა, ანგინა, რინიტი, კატარიდასხვა.ვიტამინებით მდიდარი ნაძვის წიწვების, ღეროებისა და გირჩების ნახარში ამაღლებს იმუნიტეტს. წიწვების აბაზანა რეკომენდებულია გადაღლილობის მოსახსნელად.

ყველა ნაძვი უპირატესობას დაბალმჟავიან, მსუბუქ, ნაყოფიერ თიხნარ ნიადაგებს ანიჭებს, მაგრამ სავსებით კარგად ვითარდება ნებისმიერ სხვა გრუნტზეც, მათ შორის, ღარიბ ქვიშნარებსა და მძიმე თიხნარებზეც. არაა მიზანშეწონილი ჯუჯა ფორმების მეტისმეტად ნოყიერ ნიადაგზე გამოზრდა – ამან შეიძლება მათთვის დამახასიათებელი ვარჯის ფორმის დაკარგვა გამოიწვიოს.

ხნოვან ეგზემპლარებს გააჩნიათ მძლავრად დატოტვილი ფესვთა სისტემა და ამიტომ დამატებითი კვება არ ესაჭიროებათ. ნორჩი მცენარეების ძირში კი, ადრე გაზაფხულზე ნოტიო მიწაზე, დაბალი კონცენტრაციის კომბინირებული ან კომპლექსური სასუქების დამატებაა საჭირო. დაუშვებელია ახალი ნაკელის გამოყენება.

კატეგორია: მარადმწვანე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1712 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 0
avatar