ღვია (Juniperuc sabina)
09.08.2019, 23:21

ღვია საშუალო სიმაღლის წიწვოვანი ხებუჩქი ან ბუჩქია, ზოგჯერ მიწაზე გართხმული. ყვავილები ერთ ან ორსქესიანია, მამრობითი-ოვალურ თავთავებში, მდედრობითი-თავკენწერა გირჩებში. წიწვი ეკლიანია, გაბასრული, ტევრისებრი, ტოტებისკენ დახრილი. იყენებენ ლანდშაპტურ დიზაინში. მისი ფორმის და ზომის მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა მცენარე სხვადასხვა მიზნით გამოვიყენოთ. მას რგავენ როგორც ჯგუფურად, ისე ცალ-ცალკე. 

იზრდება სუბალპურ ზონაში კლდეებზე, კავკასიური დეკას გამეჩხერებულ ნარგავებში, ფიჭვოვან ტყეებში.

ღვიის კენკრა შეიცავს ეთერზეთებს, გლუკოზას, ფისს, ვაშლის ძმრის და ჭიანჭველ მჟავებს, სხვადასხვა ფიტოანციდებს და სხვა ნივთიერებებს. მისი სურნელი დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე. 

ხალხურ მედიცინაში ღვიის კენკრისგან ამზადებენ ნაყენს, რომელსაც იყენებენ როგორც მადეზინფიცირებულ და შარდმდენ საშუალებას. მათ იყენებენ აგრეთვე ლიქიორის ჩამომსხმელ წარმოებაში.

ძველად მარადმწვანე ღვია მიაჩნდათ მარადიული სიცოცხლის ელექსირად. მეტიც, ადამიანებს სჯეროდათ, რომ ეს მცენარე იცავს საცხოვრებელსა და მის ტოტებს კარზე კიდებდნენ. წიწვოვან მცენარეთა შორის გაუსნებოვნების თვისებით ღვიას სწორი არ მოეძებნება. ძველად, საშიში ეპიდემიის დროს, ანთებდნენ ღვიის კოცონს. რასაც მოგვიანებით სპეციალისტებმა ასეთი ახსნა მოუძებნეს: ერთი ძირი ღვია თავის გარშემო 30 მ რადიუსით ადეზინფიცირებს ჰაერს, ასეთ ძლიერ ფიტონციდურ და ბაქტერიოციდულ თვისებებს სძენს მას რთული შემადგენლობის ეთეროვანი ზეთი. ჩრდილო ამერიკელი ინდიელები ტუბერკულოზით დაავადებულებს ასახლებდნენ ღვიით დაბურულ ადგილებში და ისინი სწრაფად იკურნებოდნენ. ღვიის სურნელება ასტიმულირებს ნერვული სისტემის მუშაობას, ხსნის თავის ტკივილს, სტრესებს, შველის უძილობას.

ღვიის პრეპარატებს აქვთ ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიანთებითი მოქმედება, ასევე - ვიტამინური, ზოგადგამაჯანსაღებელი, ამოსახველებელი, ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული და შარდმდენი თვისებები.
 

როგორ ადგილას დავრგოთ და როგორ მოვუაროთ:

ღვია უნდა დაირგას კარგად განათებულ ადგილას.სინათლის უკმარისობისას ტოტები არც ისე ბევრი ექნება, წიწვები კი არც ისე ლამაზი. ირგვება ადრე გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ არ გაუღვიძია ბოლომდე. დახურულფესვიან მცენარეს თუ შეიძენთ, მისი დარგვა ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. 

სჯობს შეიძინოთ ქოთანში გამოზრდილი დასარგავად გამზადებული მცენარე, ასეთი ღვია ადვილად შეეგუება გადარგვას და ახალ გარემოს. დარგვისას ჯერ ამოიღეთ ორმო, რომელიც 2-3 ჯერ აღემატება ღვიის ფესვთა სისტემის ზომებს. ამოღებულ ორმოში ჯერ უნდა ჩაიყაროს სადრენაჟე მასალა, შემდეგ თავისივე კომით ჩადეთ მცენარე და მიაყარეთ წიწვოვნებისთვის განკუთვნილი ნიადაგი. აუცილებელია, რომ მიწის ყელი უნდა იყოს მიწის პირზე. დარგვის შემდეგ კარგად უნდა მოირწყას. 

ღვია საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ იმისთვის რომ დეკორატიულობა შეინარჩუნოს უნდა გაითვალისწინოთ მისი მოვლის წესები. კარგად უძლებს სიცხეს და სიმშრალეს, ცხელი ზაფხულის განმავლობაში კი სჭირდება პერიოდულად მორწყვა. უნდა მოირწყას ადრე დილით, ან საღამოს. დილით მორწყვისას გაითვალისწინეთ, რომ მორწყვის შემდეგ წიწვებზე მზის სხივი არ მოხვდეს, რომ არ დაიწვას. 

 

სასუქი:

როგორც ყველა მცენარეს, ღვიასაც სჭირდება კვება. გაზაფხულზე კარგია უნივერსალური სასუქის მიცემა. 

 

 

როგორ მრავლდება:

ღვია შეიძლება გავამრავლოთ თესლით და კალმებით. ღვიის თესლი კარგად არის შემოსული ნოემბრის ბოლოს. ამ პერიოდში შეგიძლიათ მისი დათესვა.  თესლი ითესება ერთჯერად კონტეინერებში ტორფნარევ ქვიშაში და უნდა დასათბურდეს. მოათავსეთ თბილ ადგილას, პერიოდულად გაანიავეთ და დანამეთ. როცა ნერგები 5-6 სანტიმეტრს მიაღწევს, გადაიტანეთ ცალ-ცალკე კონტეინერებში. 

კალმებით გასამრავლებლად კარგი პერიოდია ადრე გაზაფხული, მოაჭერით მცენარეს ჯამრთელი კალამი, მოაცალეთ ქვემოთ წიწვები და ჩარგეთ ტორფიან კონტეინერში. უნდა მოათავსოთ თბილ და ნათელ ადგილას.

კარგი მოვლის პირობებში ადვილად დაფესვიანდება. როცა ნერგი ზრდას დაიწყებს, ესე იგი კარგად აქვს ფესვები განვითარებული და შეგიძლიათ გადაიყვანოთ სასურველ ადგილას.

კატეგორია: მარადმწვანე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 3504 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar