21.04.2019, 10:02 | |
ბზა ორლებნიანი მარადწვანე მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა. აქვს მოპირდაპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილი. მოიცავს 70-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინის, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და სოკოტრას კუნძულებზე, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (Buxus hyrcana). საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (Buxus sempervirens), წვრილფოთოლა ბზა (Buxus microphylla), იაპონური ბზა (Buxus japonica) და ბალეარული ბზა (Buxus balearica). ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. ზოგჯერ ივითარებს ფესვისა და ძირკვის ამონაყარს. შეკრულ ხეთადგომაში ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 40-60 წლის ასაკში, ეულად მდგომი - 15 წლის ასაკიდან. ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობისათვის; კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით. ბზის ფოთლებისა და ტოტებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს. ქერქისა და ფოთლების ნაყენს იყენებენ მედიცინაში, შეიცავს (განსაკუთრებით ფოთლები) ალკალოიდ ბუქსინს. თესლში 37%-მდე ზეთია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბზა შხამიანი მცენარეა, ამიტომ მას ძალზე იშვიათად იყენებენ, რადგან ზუსტი დოზის განსაზღვრა ძნელია. დოზის გადაჭარბება იწვევს მძიმე მოწამვლას, რომელსაც თან ახლავს პირღებინება, კუჭის აშლა, ჰიპერემია (სისხლის მოწოლა კანზე), კრუნჩხვები, სუნთქვის შეჩერება. ზედმეტმა დოზამ შეიძლება ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს. თაფლოვანი მცენარეებია. აფრიკასა და ზოგიერთ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანაში ნამდვილ ბზას ცვლის აფრიკული ბზა ანუ "კამასი" (Gonioma kamassi), რომელიც სხვა გვარსა და ოჯახს განეკუთვნება. მისი მერქანი ემსგავსება ბზისას. ბზას ძირითადად ბაღების, ეზოებისა და გაზონების გასამწვანებლად იყენებენ, თუმცა რადგან ნელა იზრდება და ფორმირებასაც კარგად იტანს, შეიძლება რამდენიმე წელი ქოთანშიც გქონდეთ და გაგახაროთ. როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში ბზას: ნიადაგი და გადარგვა: ბზას გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება. უმჯობესია, ეს გაზაფხულზე გააკეთოთ.
გასხვლა: ბზა გაზაფხულზე (აპრილში ან მაისის დასაწყისში) უნდა გაისხლას, რა დროსაც მას შეგიძლიათ, მისცეთ ნებისმიერი ფორმა: ოთხკუთხედი, კონუსის, მრგვალი და ა.შ. ან შედარებით „კორექტულად“ გასხლათ და მხოლოდ ნორჩი ყლორტები შეაჭრათ რამდენიმე სანტიმეტრზე.
როგორ გავამრავლოთ ბზა: ბზა შეგიძლიათ გაამრავლოთ სხვადასხვა ხერხით: ამონაყრით, რომელსაც გვერდით ივითარებს, ტოტით და თესლით. თუმცა თესლით გამრავლება ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია და ამიტომ მას იშვიათად მიმართავენ. მოაჭერით მცენარეს 8-10 სმ-ის სიგრძის ნახევრად გახევებული ტოტი, ქვედა ფოთლები მოაცილეთ და სანამ ნიადაგს გაამზადებთ გაახვიეთ ცელოფანში ან ჩადეთ წყალში, რომ არ გამოშრეს კალამი. კალამი ჩარგვამდე ჩადეთ სტიმულატორში: ჰეტრეოაუქსინის ორი აბი გახსენით ათ ლიტრ წყალში და მოათავსეთ კალმები 10-16 საათით ამ ხსნარში. კალმები ჩარგეთ ერთჯერად ჭიქებში, სადაც ჩაყრით ტორფისა და ქვიშის ნარევს. დასაფესვიანებელ ტოტს ზემოდან აუცილებლად შუშის ქილა, ან რამე გამჭირვალე დააფარეთ. მოათავსეთ თბილ და განათებულ ადგილას. რეგულარული მორწყვით ტოტი დაახლოებით 3-4 კვირაში დაფესვიანდება. ცალკე გადასარგველად მზად იქნება ორი თვის შემდეგ. მავნებლები: მცენარის ყველაზე საშიში მტერია ბზის ალურა, რომელიც ანადგურებს ბზის არა მარტო ნაზ, არამედ მოუხეშო ფოთლებსაც. ბზის ალურა-პეპელა იკვებება ბზის ფოთლებითა და ყლორტებით. ამ დაავადების დროს მცენარეს აქვს შეჭმუჭნული ფოთლები და ქსელი არის გაბმული მცენარეზე. ამიტომ როგორც კი შენიშნავთ მავნებელს, მცენარე სპეციალური პრეპარატებით კარბოფოსით ან ფუფანონით შეწამლეთ. თუ ერთი შეწამვლით მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, პროცედურა 10 დღის შემდეგ გაიმეორეთ. თუ არ გინდათ ქიმიური პრეპარატების გამოყენება შეგიძლიათ საპნიანი წყლით გაუწმინდოთ სათითაო ფოთოლი, მეორე დღეს კი სველი სალფეტკით დაამუშავეთ.
| |
| |
ნანახია: 3703 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | |
სულ კომენტარები: 1 | |
| |