22.08.2019, 17:47 | |
ცხრატყავა მერქნიან მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა, სწორმდგომი ან გართხმული, ხვიარა, ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ბუჩქებია. ჩვენში ცხრატყავა იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყეში, ქვეტყეში, ტყისპირას, ბუჩქნარში, ბალახოვან მცენარეულობაში და სხვა. უმრავლესობა სინათლის მოყვარული მცენარეა, ნაწილი დაჩრდილვას, სიმშრალეს და ნიადაგის დამლაშებას იტანს. სიცივისადმი გამძლეობა სახეობის მიხედვით სხვადასხვანაირია. მომწვანო-მოყვითალო ან მურა ფერის ძალზე მაგარი და მტკიცე მერქანი აქვს. ხმარობენ სახარატო საქმეში. ფოთლისა და ნაყოფისგან ამზადებენ საღებავს. ცხრატყავას ასევე იყენებენ ხალხურ მედიცინაში. თაფლოვანია. ზოგიერთი სახეობის ნაყოფი იჭმება, რის გამოც მოშენებულია (L.edulis). დეკორატიულია, კარგად იტანს კრეჭას და გადარგვას. იყენებენ მშრალი ადგილების გასამწვანებლად. ამრავლებენ თესლით, კალმით, გადაწვენით. ცხრატყავა სამკურნალო კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფები შეიცავს მიკრო და მაკრო ელემენტებს. მაგრამ მისი მთავარი ღირსება მასში ასკორბინის მჟავის ანუ C ვიტამინის (180 მგ/100გ) და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების — რუტინის, კატეხინების, ლეიკოანტოციანების, ანტოციანების დიდი რაოდენობით შემცველობაშია (850 მგ/100გ). ასევე აღსანიშნავია მასში გლუკოზის, ფრუქტოზის, საქაროზის, გალაქტოზის და რამნოზას საკმაოდ მაღალი შემცველობა, აგრეთვე მჟავიანობა, რაც ლიმონის მჟავიანობაზე გადაყვანით 1,8-4,0%ია. მაქსიმალურად მსხმოიარობს მე-8 წლიდან, ამ პერიოდში ბუჩქი ყოველწლიურად 5 კილოგრამამდე ნაყოფებს იძლევა. 15 წლის ასაკში ბუჩქი მაქსიმალურ ზომას აღწევს და შემდგომ 10-12 წლის განმავლობაში თანდათან სუსტდება, მცირდება მოსავლიანობაც.
როგორი პირობები უყვარს: ცხრატყავა სინათლის მოყვარული მცენარეა, თუმცა კარგად იტანს ჩრდილიან ადგილსაც. მისი დარგვა მიზანშეწონილია შემოდგომაზე. მოვლის მხრივ არ არის პრეტენზიული მცენარე, კარგად იტანს მშრალ ადგილს. მთელი ზაფხულის განმავლობაში თუ არ მოვიდა წვიმა ერთი-ორჯერ მორწყვაც საკმარისია მისთვის. ნიადაგის მიმართაც არ არის მომთხოვნი, კარგად ეგუება ყველანაირ ნიადაგს. გაზაფხულის მეორე ნახევარში, ამ მცენარეზე კაშკაშა ფერის ყვავილები იშლება, რომლებიც თავიანთი ტკბილი სურნელით მწერებს იზიდავენ. ხოლო, დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ცხრატყავას ყვავილების ადგილზე, ლურჯი ფერის, ძალიან სასარგებლო კენკრის ფორმირება ხდება.
როგორ მრავლდება: ცხრატყავა მრავლდება როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად. თესლს არჩევენ სრული სიმწიფის პერიოდში საუკეთესო ნაყოფებიდან, 1 კგ ნაყოფიდან შესაძლებელია 10 გ ანუ 78 ათასი ცალი თესლის დამზადება. დათესვის წინ თესლს არ სჭირდება სტრატიფიკაცია, დათესვიდან მე-20 დღეს იწყება აღმოცენება. გადასარგავად ვარგისია ორწლიანი ნერგები, ვინაიდან პირველ წელს მცენარე ნელა ვითარდება. ვეგეტატიური გამრავლების დროს მთლიანად ინარჩუნებს ჯიშობრივ თვისებებს, რისთვისაც იყენებენ დაკალმებას, ბუჩქის დაყოფასა და ჰორიზონტალურ გადაწვენას.
| |
| |
ნანახია: 3257 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |