ცირცელი
22.07.2019, 17:21

ცირცელი  ბუჩქი ან პატარა ხეა ვარდისებრთა ოჯახიდან, უმეტესად ფოთოლმცვივანი. ნაცრისფერი, გლუვი ვარჯით, ბეწვიანი ახალგაზრდა ტოტებით და კენტფრთართული ფოთოლაკიანი ფოთლებით. თეთრი ყვავილები ფარისებრ თანაყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი თითქმის ბურთივით მრგვალია, ვაშლის ფორმის, წვნიანი, მკვეთრი ნარინჯისფერი-მოწითალოა შეფერილობის. თესლი ვარდისფერია, ნახევარმტავარის ფორმის. 1000 ც თესლი დაახლოებით 4 გრამამდე იწონის. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ცირცელის სხვადასხვა სახეობების სიცოცხლისუნარიანობა 60-100 წელია. ნაყოფები შეიცავს მწარე ნივთიერებებს, შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს C და A-ს. უმეტესობა ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში იზრდება, ზღვის დონიდან 1800-2500 მეტრამდე, ზოგი — მთის შუა სარტყელის ტყეებშიც, ზღვის დონიდან 1700 მ-მდე.

 ყველა სახეობა დეკორატიულია. ცირცელის ნაყოფს იყენებენ საკონდიტრო მრეწველობაში. მათი მერქანი მძიმეა, მდგრადი, მაგარი და მკვრივი. იყენებენ სახარატო საქმეში და ავეჯის დასამზადებლად. 

ცირცელის ფოთლები მოგრძო ან მოგრძო-ლანცეტისებური. ფოთლის ზედაპირი მკრთალი-მწვანეა, ზემოდან რუხი-მწვანეა. ფოთლები 13-25 სმ სიგრძისაა, 11-15 ფოთოლაკით. ფოთოლაკები ზედა მხარეზე ღია მწვანეა, ქვედაზე კი მოთეთრო, ზემო ნაწილში დაკბილულია. ზოგი ფოთოლაკის ძირში ჯაგრებია წამოზრდილი. კენწრული ფოთოლაკი ასიმეტრიულ-ელიფსურია, ძირისკენ თანდათან ვიწროვდება და ყუნწში გადადის.

 

ცირცელი განსაკუთრებით პერსპექტიულია ჯავახეთში და სტეფანწმინდაში, შემდეგი ნიშნების მიხედვით: ხარობს 2400 მეტრ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, ადვილად იტანს სიცხესა და დიდ სიცივეს, მოსავალს 1-2 წლის შემდეგ იძლევა, სასურველია მისი გამოყენება მთიან პირობებში გამწვანებისა და გატყევებისათვის.

ცირცელი თაფლოვანი მცენარეა.

მერქანი გამოიყენება წვრილმანი ნაკეთობების დასამზადებლად.

რაც შეეხება საბაზრო ნიშას ცირცელისათვის, იგი სავარაუდო პლანტაციის წარმადობის ფარდი, ფრიად სპეციფიკური და შეიძლება ვივარაუდოთ კონკურენციისაგან შედარებით დაცულია.

 

გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში:

ცირცელის ნაყოფი პოლივიტამინური ნედლეულია: შედის რამდენიმე ნაკრებში, ხდიან ზეთს. ცირცელის ზეთს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების საწინააღმდეგოდ, აჩქარებს წყლულის ეპითელიზაციას და ქსოვილების რეგენერაციას.

ცირცელი ვერ ეგუება ინდუსტრიული ცენტრების და საწარმოების მიერ დაბინძურებულ ეკოგარემოს. გარდა იმისა, რომ მსგავს პირობებში მოზარდი მცენარეები სამკურნალო ნედლეულად უვარგისია, ცირცელის შემთხვევაში თვითონ მცენარე ამბობს უარს არსებობაზე.

ცირცელი ვერ იტანს ნესტიან და დაჭაობებულ ადგილებს. იგი უპირატესად კარგად ვითარდება საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე.

 

გამრავლება:

ცირცელის გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლებით, ასევე ვეგეტაციურადაც.

დათესვა შესაძლებელია გაზაფხულზე და შემოდგომაზე. საგაზაფხულო თესვისას საჭიროა თესლის წინასწარი სტრატიფიკაცია. სტრატიფიკაციამდე თესლს 3-4 საათით წყალში ალბობენ.

ადრე გაზაფხულზე ნიადაგს გაანოყიერებენ. გადარგვის ან გასხვლის საჭიროების შემთხვევაში მიზანშეწონილია იგი მოხდეს ადრე გაზაფხულზე და მოკლე ვადაში. გასხვლის ერთ-ერთი მიზანია ვარჯის ისეთი ფორმის შერჩევა, რომ ნაყოფი შესაგროვებლად იოლი იყოს და შეგროვებისას ტოტები არ დაზიანდეს.

დარგვისთვის საუკეთესო პერიოდია შემოდგომა.

კულტურაში ცირცელი უფრო უხვმოსავლიანია, ვიდრე ბუნებაში.

 

როდის მოვკრიფოთ და როგორ პირობებში შევინახოთ:

ცირცელის მწიფე ნაყოფებს აგროვებენ ჩვეულებრივ სექტემბერ-ოქტომბერში. შეგროვებისას საყურადღებოა მცენარის ტოტები არ დაზიანდეს. შეგროვებულ ნაყოფებს აწყობენ კალათებში, ვედროებში ან ტომრებში, 16-20 კგ ოდენობით.

იგი გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე გამხმარი სახით. გაშრობამდე ნედლეულს დაახარისხებენ, გაასუფთავებენ ნაყოფებს სხვადასხვა მინარევებისაგან (ყუნწი, ფოთოლი, ტოტის ნაწილები) და გაფუჭებული ნაყოფებისაგან.

შრობა შესაძლებელია ხელოვნურ საშრობებში, 60-80 0C ტემპერატურაზე. კარგ ამინდში შესაძლოა ჰაერზე გამოშრობა. ამისათვის ნაყოფებს გაშლიან თხელ ფენად ქაღალდზე ან ქსოვილზე და დროდადრო აურევენ.

კეთილხარისხოვან ნედლეულში არ უნდა ერიოს გაშავებული ნაყოფები, აგრეთვე ისეთი ნაყოფები, რომლებიც ზეწოლისას ნაფშვენებად იქცევა.

იგი ნარინჯისფერ-წითელი ან წითელი ფერისაა. ნაყოფი ყუნწმოცილებულია, მომრგვალო ან ოვალ-მომრგვალოა. მისი სიგანე 9 მმ-მდეა, მბზინავი, ძლიერდანაოჭებული. ნაყოფის წვერზე შეიმჩნევა ჯამის ნარჩენი. ნაყოფში 2-7 თესლია. ნაყოფს აქვს სუსტი დამახასიათებელი სუნი, გემო მომჟავო-მწარეა.

გამზადებულ ნედლეულს ფუთავენ 30-40 კილოს ტომრებში. მას ინახავენ მშრალ ადგილას, კარგი განიავების პირობებში. ნედლეულის შენახვის ვადაა 2 წელი.

ცირცელის ნაყოფები თავისი შესანიშნავი შემადგენლობის გამო სასიამოვნო საჭმელია და მეტად სასარეგებლოა. ცირცელის ნაყოფების გამოყენება რეკომენდირებულია ავიტამინოზისა და გაცივების დროს. იგი შედის ვიტამინური ნაკრებების შემადგენლობაში.

კატეგორია: ხეები და ბუჩქები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1896 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar