კაკალი (Juglans regia)
22.03.2020, 20:58

კაკალი ფოთოლმცვივანი ხეა კაკლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 20—30 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ. შვეულად მდგომს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. აქვს ლეგა, დაშაშრული ქერქი, ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები, კენტფრთართული, პრიალა ფოთოლი, რომელიც ეთეროვან ზეთს შეიცავს. ნაყოფი კურკიანაა (ე. წ. კაკალი). ბუნებრივად გავრცელებულია მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ირანში, ჩინეთში, კავკასიასა და შუა აზიაში. ამიერკავკასიაში ველურად იზრდება თითქმის ყველგან, ქმნის მცირე კორომებს, მეტწილად კი ერთეული ხეებია. 

საქართველოში ველური კაკლის ყველაზე დიდი კორომია მდინარე ალაზნის ნაპირებზე - პანკისის ხეობაში და ჯუმას ყურეში. კაკალი სინათლისა და სითბოს მოყვარულია. მაღალ მთებში (1500 მ-ზე ზევით) სიცივე აზიანებს, უძლებს -20 -22 °C-მდე ყინვას. საკმაოდ გვალვაგამძლეა. ვერ ეგუება ჭარბტენიან ნიადაგს. კარგად ხარობს ნოყიერ ნიადაგზე, თიხნარ-კირნარზე.

ყვავილობს ფოთლის გაშლასთან ერთად, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ნაყოფმსხმოიარეა 12 წლიდან 200 წლამდე. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს. მისი მერქანი ძვირფასი საავეჯე მასალაა. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს (45-77%), ცილებს (8-21%), B1 ვიტამინსა და A პროვიტამინს. მკვახე ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით, მისგან მურაბას ამზადებენ. მწიფე კაკლის გულისაგან- ნიგვზისაგან, ხდიან ზეთს და ხმარობენ საკონდიტრო წარმოებაში. წენგოსაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს. ფოთლები და წენგო იხმარება მედიცინაში. კაკალი კარგი საჩრდილობელი ხეა.

იგი გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, აშშ-ში, ირანში, ავღანეთში, თურქეთში, შუა აზიის ქვეყნებში, უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში და კავკასიაში.

საქართველოში იგი გავრცელებულია ყველა რეგიონში. ბერძნული წყაროების მიხედვით საქართველოში ძვ.წ.აღ. VI-IV საუკუნეებში სხვა კულტურულ მცენარეებთან ერთად მოხსენებულია კაკალიც.

 

 

კაკალის მოვლა:

კაკალი სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან და თიხნარ ნიადაგებში. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს. იგი მძლავრი ფესვთა სისტემის გამო კარგად ვითარდება ქვიან და ღორღიან ნიადაგებზეც. ნიადაგის მჟავიანობა სასურველია იყოს pH 5,5-დან 8-მდე.

დარგვამდე აუცილებელია ორმოს მომზადება. ორმოს სიღრმე უნდა იყოს 0,70 მ., ხოლო დიამეტრი 1 მეტრამდე. თითოეულ ორმოში წინასწარ უნდა იქნეს შეტანილი 15-20 კგ. წინასწარ მომზადებული ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი, ტორფნაკელიანი, ტორფდოლომიტიანი და სხვა ორგანული წარმომავლობის გადამწვარი ორგანული მასა). ასევე თითოეულ ორმოში აუცილებელია შეტანილ იქნეს 100 გრამი ფოსფოროვანი და 60 გრამი კალიუმიანი სასუქი.

კაკლის გაშენების ოპტიმალური ვადაა გვიანი შემოდგომა (ნოემბერი) და ადრე გაზაფხული (მარტი).

ნერგების ორმოში დარგვის წინ უნდა შეიკვეცოს ფესვები, ამოივლოს წუნწუხში და ჩაირგოს ორმოში ისე, რომ ფესვის ყელი ან ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 7-10 სმ-ის ზევით უნდა დარჩეს. ახალჩარგული ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყოს და აიკრას რაიმე საყრდენზე, სანამ ღეროს გაიმაგრებს. 

გაზაფხულსა და შემოდგომაზე ნერგის ირგვლივ უნდა შემოიბაროს, ნიადაგი გაუფხვიეროთ და მიაწოდოთ სასუქი. მოსწონს ბუნებრივი სასუქი-გადამწვარი ნაკელი. 

ცხელი და გვალვიანი ზაფხულის შემთხვევაში უნდა მოირწყას პერიოდულად. Walnut-ის სურათის შედეგი

 

გასხვლა:

კაკალი ბუნებრივად ივითარებს გაშლილ ძლიერ ვარჯს. კაკლის დარგვისას უნდა შევინარჩუნოთ ცენტრალური (გამაგრძელებელი) ღერო, რომელიც დარგვის დროს არ უნდა გადაიჭრას, სუსტად დატოტვილ ერთწლიან ან ორწლიან ნერგების ქვედა ტოტებს ამოკლებენ სამ-ოთხ კვირტამდე, ხოლო ზედა ტოტს ხელუხლებლად ტოვებენ. შემდგომი წლების განმავლობაში გასხვლის მიზანია მივიღოთ ცენტრალურ-ლიდერიანი, იარუსიანი ან უიარუსო ფორმის მცენარე.

ცენტრალური ლიდერის გარშემო იარუსებად განვითარებული უნდა იყოს 6-10 ტოტი, რომლის დამოკლება არ შეიძლება, ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ლიდერი ტოტი უნდა იყოს სქელი და გრძელი, ვიდრე მისგან გამომავალი გვერდითი ტოტები.

შემდგომ წლებში რეგულარულად ხდება კონკურენტი ტოტების მოცილება, ხოლო ლიდერს არ ეხებიან.

 

როგორ გავამრავლოთ კაკალი: 

კაკლის გამრავლება შესაძლებელია თესლით და ვეგეტაციური წესით. მსოფლიოში და ჩვენთანაც ადრე მიღებული იყო თესლით გამრავლება, ამისათვის სპეციალურად შერჩეული სადედე მცენარეებისაგან იღებდნენ თესლს, ხოლო ბოლო პერიოდში მისი გამრავლება ხდება ვეგეტაციური მეთოდით - გადაწვენით.

კაკლის დათესვა ხდება შემოდგომაზე, წვეტით მაღლა. 

მყნობისათვის ოპტიმალური ვადებია ივნის-ივლისი.

 

 

მოსავალი და კრეფა:

 კაკალი იკრიფება (იბერტყება) სრული სიმწიფის სტადიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გული გამოშრობისას პატარავდება ზომაში და ცუდად ინახება. მწიფე კაკლების მწვანე გარსი თავად სკდება და ცვივა, რაც მთლიანი სიმწიფის მაჩვენებელია, რადგანაც ნაყოფის მთლიან სიმწიფეში შესვლა ერთდროულად არ ხდება, მიმართავენ ტოტებიდან მის ჩამობერტყვას.

კრეფის შემდეგ იმ კაკლებს, რომლებსაც მწვანე გარსი აქვთ შემორჩენილი აცლიან მას, რეცხავენ სუფთა წყალში და აშრობენ მზეზე ან სპეციალურ საშრობში. გამშრალ კაკალს ინახავენ გრილ და მშრალ სათავსოში 3-10°C-ის ტემპერატურაზე. ასეთ პირობებში იგი ინახება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

კატეგორია: ხეები და ბუჩქები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 2165 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar