02.11.2019, 18:05 | |
გარგარი ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა, სიმაღლით მაქსიმუმ 15 მეტრს აღწევს. ფოთლები ელიფსური ან ნახევარკვერცხისებურია. ყვავილები აქვს თეთრი ან ვარდისფერი, რომელიც ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორციანი, აქვს ხავერდოვანი კანი. გარგარი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაამტანი მცენარეა. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მოსავლიანობა ყოველწლიურად 8-12 ტონა 1 ჰექტარზე. გარგარი კულტივირებულია ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, შუა აზიაში და ამიერკავკასიაში. გარგრის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (4-20 %), ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს. იყენებენ ნედლად, ჩირად და დაკონსერვებულს (კომპოტი, წვენი და სხვა). საქართველოში გარგარს კურკოვან კულტურათა ნარგაობის 2 % უკავია. გავრცელებულია უმთავრესად კახეთსა და ქართლში. დასავლეთ საქართველოში ჭარბი ტენის გამო ნაკლებად ხარობს. დარაიონებული ჯიშებია: შალახი, ქართული აღჯანაბადი, ალიპრიალა (ხალხური სელექციით შექმნილი ადგილობრივი ჯიში). გარგრის დაავადებებია: კლასტეროსპრიოზი, ბაქტერიული კიბო, ნაცრისფერი სიდამპლე. მავნებლებია ცხვირგრძელები და პეწიანები.
გარგარის სასარგებლო თვისებები: გარგარი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და სასარგებლო ხილია. მის შემადგენლობაში შედის: ცილები, ცხიმები, წყალი, ბეტაკაროტინი, ქოლინი, ვიტამინები: A, B3, B2, B5, B6, C, E, H, PP, ასევე მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, ფოსფორი და ნატრიუმი, პექტინები, ინულინი, საკვები ბოჭკოები, შაქარი, სახამებელი, მთრილავი ნივთიერებები, ვაშლის, ლიმონის და ღვინის მჟავები. გარგრის ნედლი ნაყოფი გამოიყენება დიეტების დროს. რეკომენდირებულია ბავშვებისათვის ჰიპო და ავიტამინოზის დროს. გარგარი ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ თვისებებს, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებაა. გარგრის ნაყოფში მაგნიუმის შემცველობის გამო სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა ნებისმიერი დაავადების დროს, რადგან გულის კუნთის მუშაობას აწესრიგებს. გარგარი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, აბრკოლებს ქოლესტერინის საცობების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და აქტიურად მოქმედებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში. გარგარი აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს ტვინის აქტიურობას, ამიტომ აუცილებლად ჩართეთ საკვებ რაციონში განსაკუთრებით სტუდენტებმა და მოსწავლეებმა. გარგარი ხელს უწყობს ბავშვის ზრდას, როგორც აღვნიშნეთ, მასში კაროტინის მაღალი შემცველობის გამო. ის ასევე სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის, კანისა და თვალის ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს. გარგარში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების სათითაოდ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ დადებითი თვისებების გამო ის კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება - განსაკუთრებით მალამოებისა და კრემების დამზადებისას. როგორც ყველა სასარგებლო პროდუქტს, გარგარსაც გააჩნია უარყოფითი თვისებები. მისი მიღება დაუშვებელია უზმოზე, ხორცის და ძნელად მოსანელებელი პროდუქტების მიღების შემდეგ, ამან შესაძლოა საჭმლის მონელების პროცესი დაარღვიოს. ცოცხალი გარგარის მიღება უკუნაჩვენებია მომატებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებების დროს. გარგარის მიღება უნდა შეიზღუდოს პანკრეატიტისა და ღვიძლის პათოლოგიებისას. განსაკუთრებით უკუნაჩვენებია გარგარის ნებისმიერი სახით მიღება დიაბეტის დროს - იგი ზედმეტად დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ასევე, დღეში 10-15-ზე მეტი ცალი გარგარის მირთმევის შემთხვევაში შესაძლოა, დიარეაც კი დაგვემართოს.
დარგვა და მოვლა: გარგარი მომთხოვნია ნიადაგის მიმართ. ყველაზე უკეთ ხარობს ნაყოფიერ, დაუჭაობებელ და თბილ ნიადაგებზე. ქვენიადაგი კარგად უნდა ატარებდეს ჰაერსა და წყალს, არ უნდა იყოს კირქვა 2 მეტრამდე სიღრმეში. გარგარი ვერ ეგუება მძიმე, მკვრივ თიხნარ და ჭარბტენიან ნიადაგებს. გაზაფხულზე გარგარს სჭირდება გარშემო მიწის გაფხვიერება. უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, სავეგეტაციო პერიოდში რეკომენდირებულია გარგრის ხეების რამდენჯერმე მორწყვა. პირველი მორწყვა ყვავილობის წინ უნდა ჩავატაროთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ პერიოდში საკმარისი ნალექი არ მოვიდა. ძალზედ სასარგებლოა ყვავილობიდან 2 კვირის შემდეგ მორწყვა-იგი ხელს უწყობს ყლორტების ძლიერ ზრდას. ნაყოფის დაკრეფამდე 2-3 კვირით ადრე კიდევ ერთი მორწყვა, კარგად მოქმედებს ნაყოფის სიდიდესა და ხარისხზე. მოსავლის აღების შემდეგ ნარგავები კიდევ 1-2 ჯერ უნდა მოირწყას. ადრეული გაზაფხულის თბილ დღეებს შეუძლია გამოიწვიოს გარგარის ხის ადრეული ვეგეტაცია და პირველ რიგში საყვავილე კვირტის ზრდა და გაშლა. ამ თბილ ამინდს ჩვენს თბილ რაიონებში (დასავლეთ საქართველო) ხშირად მოსდევს ტემპერატურის ვარდნა. ზრდადაწყებული გარგარის საყვავილე კვირტი ვერ იტანს ყინვას, გაშლილი ყვავილი იღუპება –2–30 დროს. გარდა ამისა გარგარის მოუსავლიანობა ხშირად გამოწვეულია გაზაფხულის წვიმებით, რომლებიც ასე ხშირია დასავლეთ საქართველოში გარგარის ყვავილობის დროს. ამიტომაა, რომ დასავლეთ საქართველოს რაიონებში, მიუხედავად იმისა, რომ გარგარის ხე კარგად ვითარდება, მისმა კულტურამ სამრეწველო ხასიათი ვერ მიიღო.
გასხვლა: პირველ ხანებში გარგარი იზრდება სწრაფად, იგი კარგად რეაგირებს სხვლაზე, რაც ხელს უწყობს ვარჯის სრაფ ფორმირებას. თუ ნერგებს აქვთ ძლიერი მზარდი ტოტები ისინი უნდა დავამოკლოთ 1-2 კვირტზე. მომავალი წლის გაზაფხულზე ამოვარჩევთ 4 ყლორტს, 3-ს ქვედა იარუსის ჩონჩხის ტოტების ფორმირებისთვის და 1-ს ვარჯის ღერძად. დანარჩენ ყლორტებს მოვაცილებთ. მეორე იარუსს ჩონჩხის ორი ტოტისგან ვაყალიბებთ. პირველ და მეორე იარუსს შორის მანძილი უნდა იყოს 30-60 სმ, ჩონჩხის პირველი განშტოება გამოგვყავს ძირიდან 60 სმ-ზე. მეორე იარუსის ფორმირების დამთავრების შემდეგ, ვარჯის ღერძს გადავჭრით სუსტ ტოტზე, ჩონჩხის ტოტებს ვამოკლებთ დაახლოებით სიგრძის 1/3-ით. გარგარის ხეს სწორი და სწრაფი ფორმირებისთვის რეგულარულად უნდა წავაჭრათ, ღერძისა და ჩონჩხის ტოტების კონკურენტი ტოტები.
როგორ დავთესოთ გარგარი სახლის პირობებში:
| |
| |
ნანახია: 3660 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |